„ყველა ჩვენი ქმედება, ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს, მსოფლიო იბრძვის უცხოური გავლენების შესამცირებლად თავიანთ ქვეყნებში.
„ნახეთ, ყველა განვითარებული ქვეყანა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები - ყველა იბრძვის იმისთვის, რომ უცხოური გავლენები შეამცირონ თავიანთ ქვეყნებში. ნახეთ საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება, როდესაც კანონპროექტზე მიდიოდა მუშაობა, რა დაედო საფუძვლად მას - სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობის გამყარება. ჩვენც გვაქვს პრობლემები ამ მიმართულებით და აღნიშნული კანონპროექტი შემოგვაქვს უცხოური გავლენების შესამცირებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ყველა მიესალმება სხვადასხვა სასარგებლო პროექტის დაფინანსებას, თუმცა არსებობს საპირისპირო ფაქტებიც, როდესაც უცხოეთიდან რევოლუციური სცენარები ფინანსდებოდა.
„მივესალმებით იმას, რომ კარგ საქმეებზე დაიხარჯოს თანხები. გიჟი უნდა იყო, შეეწინააღმდეგო, რომ მაგალითად, რაღაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფინანსდება და კეთდება. ამაზე კარგი რა არის. პირიქით, მივესალმებით ამას და ვინც ამ საქმეს გააკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მაგრამ, არის მეორე გარემოებაც: გავიხსენოთ, წლების წინ რა ხდებოდა, რა დამოკიდებულება იყო და რას აპირებდნენ თუნდაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკური გზავნილებით. ასევე გვახსოვს ფაქტები, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა რევოლუციური სცენარები. ეს არის მტრობა. ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, თუ ვინ საიდან ფინანსდება და რომელ კონკრეტულ პროექტებზე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, კანონის უკან გაწვევისთვის, მმართველ გუნდს 1 საათიანი ვადა მისცა. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდა.
ცუცქირიძის თქმით, პროტესტი მშვიდობიანი მსვლელაბა უნდა იყოს.
როგორც პარტია "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ნიკა გვარამიას თქმით, რუსული მთავრობა ქვეყანას ვერ მართავს. "მას მერე რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა"
მედიის კითხვაზე, რა საკითხზე სურს შეხვედრა პრემიერთან, გვარამიამ ასე უპასუხა: "კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით - საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!".
დღეს, საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს .
გუშინ, პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა.
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ