"არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაფუჭდეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არც ანტიდასავლურია და არც საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება.

„ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაედგას ანტიდასავლური, ანტოევროპული ან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი. რუსული კანონი არ არსებობს, ეს არის ტყუილი. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, რაც ძალიან კარგად იცით. ე.წ. რუსული კანონი, რასაც თქვენ ეძახით, არის თავსმოხვეული და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან. ეს არის ქართული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა და ის შედეგები, რომელიც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო, ქვეყნის ევროინტეგრაციით დასრულდება.

„საქართველოში იქნება მშვიდობა. ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. სამწუხაროდ, მშვიდობა ყველას არ უნდა. მოვისმინეთ კონკრეტული განცხადებები, ვიხილეთ ქმედებები და ახლა იმის გამო, რომ „მესიჯბოქსი“ შეცვალეთ, ეს არ გამოგივათ, რადგან ყველაფერს ვხედავთ, გვახსოვს, რასაც ამბობდით და ქადაგებდით. ჩვენ ვართ ერთდერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ქვეყანაში შეინარჩუნებს მშვიდობას, მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, წინსვლას და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ქვეყანას, ევროინტეგრაციით დაასრულებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება აშშ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თანამშრომლობის გაფუჭების არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან მოქმედი ხელისუფლება თანამშრომლობისთის მზადაა.

„ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ურთიერთობები გაფუჭდეს. არსებობს გარკვეული კითხვები, ამიტომ, ეს ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, რადგან უნდა იყოს ორმხრივი. როგორ შეიძლება გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყოს სადაო ან ანტიდასავლური? მიზანი არის ერთი რამ - არსებობენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ფინანსები არ არის გამჭვირვალე. ამით ხდება ქვეყანაში სიძულვილის დაფინანსება და პოლარიზაციის გაღრმავება. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი გავხადოთ გამჭვირვალე - ვინ არიან ის ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები რევოლუციას ატრენინგებენ. ხომ გახსოვთ, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვების მშობლებს ვუტარებთ ტრენინგებსო? ვისი დაფინანსებით იყო ეს ყველაფერი? რეალურად რაზე იყო საუბარი? - როგორ უნდა მოეხდინათ რევოლუცია ქვეყანაში. ეს უხერხულობები რომ მოიხსნას დღის წესრიგიდან, ამიტომაც არის ეს კანონი, რომელიც მოითხოვს მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.