„მოგებული გქონიათ არჩევნები და ეგ არი. რატომ სვამთ შეკითხვებს და რატომ ნერვიულობთ? მაგ სიმართლით იაროს ოპოზიციამ და ყველა რადიკალმა“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას „ედისონ რისერჩის“ უახლეს კვლევებთან დაკავშირებით.
კახა კალაძე ეჭვს გამოთქვამს „ედისონ რისერჩის“ კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებითაც, რომელშიც ასახალია გამოკითხულთა დამოკიდებულება სოციალური საკითხების მიმართ.
მისი თქმით, 2012 წლიდან ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, თუმცა სიღარიბე რჩება, როგორც გამოწვევა.
„თარგამაძემ რაღაც მოხაზა კეზერაშვილთან ერთად, მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? არ მჭირდება კეზერაშვილის და თარგამაძის ნაწერები. ყოველდღიურად ვხვდები ხალხს, ყოველდღიურად დავდივარ თბილისში, ასევე, პარტიული ღონისძიებებით მოვიარე მთელი საქართველო, ყველა რაიონსა და და ქალაქში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რა სიტუაციაა. რა თქმა უნდა გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ეს ციფრები რომ იწერება, ჩემი მოგონილი ხომ არ არის. 2012 წლიდან ქვეყანა მიდის წინ, ვითარდება ეკონომიკურად, ყველანაირ ასპექტში გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და გვაქვს შედეგები. ქვეყანაში შენარჩუნებული არის მშვიდობა, სიმშვიდე, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად ბულინგისა, შემოტევებისა და ეს იქნება შენარჩუნებული.
ცხადია, არსებობს გამოწვევები, არსებობს მოსახლეობას, ვისაც უჭირს, სჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ეს მარტო საქართველოში არ არის. ყველა ქვეყანაშია ასეთი მოსახლეობა. ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენ შევამციროთ ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა და ეს ტენდენცია გვაქვს, მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. თქვენ თუ ნახავთ, ქვეყანაში რა იყო და რა შედეგია დღეს, მიხვდებით, რომ სიღარიბე შემცირებულია, მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს. გვინდა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა და წინ წავიდეთ, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, თუმცა სანამ ქვეყანა ისე არ განვითარდება, რომ არცერთი ღარიბი ადამიანი არ გვეყოლება ქვეყანაში, მანამდე იმ შეჭირვებულ ოჯახებს დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.