დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი.

 „უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას უკვე გაიგებთ. გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? - გეუბნებით, თუმცა დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აქვე დედაქალაქის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არც გაერთიანების შემთხვევაში აქვთ გამარჯვების შესაძლებლობა.


„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, ვინ ვისთან იქნება - ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში, მაგრამ შედეგი ნული, იმიტომ, რომ ვიცით რას წარმოადგენენ ეს ადამიანები - გინდ ცალ- ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, ვის და რას ემსახურებიან.
საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან, გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.