„ჩვენ ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ, პირველ რიგში, ევროპა გვინდა ჩვენს ქვეყანაში“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შესაბამის კითხვას და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს იმ ღირებულებებს, რომელზედაც ევროპა დგას.

„ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? მაგრამ, პირველ რიგში, ევროპა საქართველოში გვინდა. ევროპულად უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, აქ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენს ქვეყანაში. რა არის ევროპა, რა არის ის ძირითადი პრინციპები, რაზედაც ის დგას: სამართლიანობა, განსხვავებული აზრის მიღება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენ მივყვებით და ვიცავთ, რაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ „ევროპა მინდა“ და „ევროპული მომავალი მინდა“, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და ა.შ. ჩვენ იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები, თავისუფლები. დღესაც ხომ გრძელდება ეს ბრძოლა. ვიღაცას თუ ერთი ბატონის მეორეთი ჩანაცვლება თავისუფლება და დემოკრატია ჰგონია, ეს ასე არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი მამის - როინ ქოჩორაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„რატომ გაგიკვირდათ? როინ ქოჩორაშვილი ნაცია, რა არის ამაში პრობლემა? ჩემზე უკეთ იცით, რომ როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი, გახარიას პარტიის წარმომადგენელი. რატომ გიკვირთ ეს?, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილმა  სოციალურ ქსელში გუშინ მსვლელობიდან "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"   ფოტოს გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით კი სოცქსელში ფოტო გაქრა, რასაც  გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი გამოეხმაურა.

"საქართველოს გზა ევროპაშია!!!" - წერს გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში. 

ოდნავ მოგვიანებით, იმავე თემასთან დაკავშირებით როინ ქოჩორაშვილმა მეორე პოსტიც გამოაქვეყნა:  ,,ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!"