„თავად გაერკვნენ ვინ სად და როგორ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე "ნაციონალურ მოძრაობასა“ და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას.

„ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ მაინტერესებს. იმდენი საქმე გვაქვს, იმდენი გამოწვევებია დედაქალაქში, არ მაინტერსებს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება თუ პირიქით. ვინ სად იქნება და როგორ, ეს მათი გადასაწყვეტია, თვითონ გაერკვევნენ ყველაფერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ხშირად საუბრობს სახელმწიფოს გადატრიალებაზე, რაც არსებული ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია.

„ამ ტიპის განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან ბევრჯერ ვისმენთ. ქვეყანაში არც რევოლუცია იქნება, არც სახელმწიფო გადატრიალება. ფრთხილად იყვნენ, ვინც რამეს გაბედავს, კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ,  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა რვა ოპოზიციურ პარტიას მიმართავს, მიიღონ გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო „ფედერალისტების“ ლიდერთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებით.