თბილისის მერი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მმართველი გუნდის მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს მადლობას უხდის. 

როგორც მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი მონაცემების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები. 

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავისი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. მართლაც რომ ძალიან ემოციური დღეა, იმიტომ, რომ ეს გამარჯვება, პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს, საქართველოს ეროვნული ინტერესები; დაცული იყოს, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესი. რა თქმა უნდა, არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად. მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღო უამრავი შეურაცხყოფა, აბულინგებდნენ, მაგრამ არ გატყდნენ და იდგნენ იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.