თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ მედიასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ სტრუქტურულ გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
„ირაკლი კობახიძე წარდგენილია მთავრობის მეთაურად პრემიერ-მინისტრის რანგში. მინდა, თავის გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები რაც იყო, არსად წასულა. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება. ირაკლის უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობასა და სტრუქტურულ გაძლიერებაში. დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს.
„პარტიას უკვე დაწყებული აქვს მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის. უამრავი არჩევნები მაქვს ჩატარებული ამ გუნდთან ერთად, ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. ეს მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც მართლა შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. პარტია ყოველმხრივ გამართულია, სტრუქტურები ძალიან ძლიერი აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.