გულუბრყვილოები არ ვართ და კარგად გვესმის, რომ ამ გზაზე ურთულესი დაბრკოლებები გველის წინ, მით უფრო იმ პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რასაც რადიკალები და მათი დამფინანსებლები ცდილობენ რომ შექმნან. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საბოლოო მიზნისაკენ მიმავალ გზაზე, ერთ-ერთი მთავარი წყალგამყოფი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია, რომლის შედეგსაც საქართველოს მომავლისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, საარჩევნო კამპანიას ახალი შემართებით, სიმბოლურად, სწორედ ახალი ოფისიდან ვიწყებთ!
აქ შეკრებილი ადამიანების, ჩვენი გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების ენთუზიაზმი მარწმუნებს, რომ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენ მიერ დაწყებულ პროცესს, ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ - საქართველო იყო და არის ევროპა!
დასასრულს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს კიდევ ერთხელ ვულოცავ ახალი ოფისის გახსნას! მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის განვითარება, წინსვლა და აღმშენებლობა.
ჩემო მეგობრებო, მინდა ერთი რამ გითხრათ:
მხოლოდ მშვიდობით!
მხოლოდ ღირსებით!
მხოლოდ კეთილდღეობით!
მხოლოდ ევროპისკენ!
გაუმარჯოს საქართველოს, ქართველ ხალხს და რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“!" - განაცხადა კახა კალაძემ.