დედაქალაქის მერის განცხადებით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი კი მოუწოდებს სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმში მონაწილეობა არ მიიღონ, თუმცა, ამავე დროს თავად ამბობენ, რომ რუსეთთან სავაჭრო
ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. 

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დიდ ქვეყნებს დიდი ინტერესები აქვთ და არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები სათავისოდ გამოიყენონ, როგორც ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.


„მაშინ, როდესაც ქვეყანას თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, გვახსოვს რა მივიღეთ. დავკარგეთ ტერიტორიები, ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ ცუდ გაკვეთილზე ბევრი რაღაც ვისწავლეთ. დღეს, ჩვენი ქვეყანა ასე ძლიერად არის წარმოდგენილი და ჩამოყალიბებული სახელმწიფოა, თავისი ინსტიტუციებით და
არავის ვაძლევთ შესაძლებლობას ქვეყნის ინტერესები სხვადასხვა მიზნით გამოიყენონ, როგორც ეს 2008 წელს მოხდა და ისევ ჩვენ დავზარალდით. დღეს, ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ვიცავთ ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს.


რა თქმა უნდა, ევროპელი ლიდერები გააგრძელებენ რუსეთთან ურთიერთობას.


ნახეთ უკრაინაში რა ხდებოდა და რა მიიღო ქვეყანამ - უამრავი გარდაცვლილი, მათ შორის მშვიდობიანი ადამიანი, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა. დღეს კი გამოდიან და ამბობენ, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა
გაღრმავდეს. აბსოლუტურად მესმის ყველაფერი. დიდი ქვეყნები არიან და დიდი ინტერესები აქვთ. ამიტომ ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი შეცდომებით არ გავაუბედუროთ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და არ გავათველინოთ ფეხქვეშ საქართველოს ინტერესები არავის, რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს“, - აღნიშნა კახა
კალაძემ.