არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების განწყობა მათი ქმედებებისა და განცხადებების შესაბამისია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც სამოქალაქო საზოგადოების ინდექსს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა.
თბილისის მერის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობაში არასამთავრობო სექტორი არაპოპულარულია.
„ამ ქვეყანაში თუ რომელიმე ინსტიტუცია არაპოპულარულია, ეს არასამთავრობო ორგანიზაციებია, თავიანთი ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე. ზღვარი აღარ დარჩა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. მათ ერთი სისტემა აქვთ, რადიკალები არიან. ერთს აქვს კონკრეტული ფუნქცია, რომელსაც პოლიტიკური პარტია ჰქვია, მეორესაც იგივე ფუნქცია აქვს, სხვა სახელით. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ შესაბამისია“, - განაცხადა კახა კალაძემ.