რაც შეეხება უსამშობლოებს, რა არის მათი მიზანი - დაგაბრალონ და შემდეგ შენ თავი უნდა იმართლო. თუ ამბობ, რომ გაყალბდა, წარმოადგინე მტკიცებულებები. ამას ვერ აკეთებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას. 

„მიეცით ჩვენება, წამოიღეთ თქვენი არგუმენტები და ვიმსჯელოთ მოსამართლესთან. ეს არ უნდათ. არც პროკურატურასთან უნდათ თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის თითოეული ამ უსამშობლოს მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ არჩევნები. ყველა ამ უბადრუკ, უარგუმენტო ბრალდებას პასუხი გაეცემა“, - აცხადებს ზარქუა.

გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხზე გრძელდება. დღეს გამოკითხვაზე კიდევ რამდენიმე ადამიანია დაბარებული, მათ შორის „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც მტკიცებულებების წარდგენას აანონსებს.