ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, პატიმარ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული, - ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
„ქართველებს გვაქვს კარგი გამოთქმა - „ხარი ხართან რომ დააბი, ან ზნეს იცლის, ან ფერსო. როდესაც ხარ კოალიციაში უთავმოყვარეოებთან, ყოველგვარი ღირებულებების გარეშე დარჩენილ ხელმოცარულებთან, შემდეგ არ უნდა გაგიკვირდეთ, როდესაც იმ გამოთქმას, წინადადებას - არა და არასდროს, როგორც უნდა, ისე გაუკეთებს ინტერპრეტაციას. ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, პატიმარ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული. ნუ მოაწერს ხელს, მშვიდობიანად ჩაამთავროს მისი საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ იქ, საიდანაც მოვიდა“, - განაცხადა ზარქუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დასმულ კითხავს უპასუხა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია. მისი თქმით, ის არ აკეთებს კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ამბობს, რომ ვინმეს იწყალებს.