პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილს უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს არის მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
"გავეცანი ქალბატონი ნაირა გელაშვილის ამ განცხადებას. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ ის შემოვიდა დისკუსიაში, სხვები არც შემოდიან. ერთი იარლიყი აქვთ დაზეპირებული და ამას ამბობენ. ქალბატონმა კონკრეტული კითხვა დასვა. არ არის ასე ქალბატონო ნაირა იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური. მაგალითად, როცა თურქეთში მიწისძვრა იყო და ათასობით ადამიანი დაიღუპა, დიახ, ჩვენი ქვეყნიდან იყო სპეციალური დელეგაცია, მათ შორის, ფინანსები გადაგზავნილი. ეგ იყო უცხო ქვეყნის ძალა, საქართველოს ძალა თურქეთში, სადაც სიცოცხლეები გადავარჩინეთ, გვერდში დავუდექით, კეთილ საქმეს მოვახმარეთ და ამისთვის მადლობა გადაგვიხადეს.
ასევე, უამრავი თემაა, სადაც მათ შორის, ევროპიდან, ამერიკიდან, სხვა ქვეყნებიდან გვეხმარებიან. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ანუ, უცხო ქვეყნის ძალას წარმოადგენენ, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ასე რომ, ეს ტყუილია, შემოგდებული თემაა, რომ ამ გიგაურებმა და ლომჯარიებმა თავისი ფულის გამჭვირვალობას თავი აარიდონ, რასაც მილიონობით იხარჯება და როგორც აღმოჩნდა, ძირითადად ცუდ საქმეში. თორემ იმას, ვისაც დასამალი არ აქვს ჩვენ არაერთი განცხადება ვნახეთ დონორი ორგანიზაციების, რომ ისინი მზად არიან და პრეტენზია არ აქვთ.
უფრო მეტსაც გეტყვით, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების ორგანიზაციები გატარებულია როგორც უცხო ქვეყნის აგენტები, მაგრამ ეს არავის შეურაცხყოფს. ასე რომ, ეს არის მდიდარი ენჯეოშნიკების მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ალბათ თქვენც შეგიყვანეს შეცდომაში“.-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება