გაგიჟდნენ. არ არიან კარგად. დღეს რაც გააჟღერა ბატონმა ხაზარაძემ, მანამდე რა, ტექნიკური მთავრობის შესახებ არ გსმენიათ მადამ მავნებლისგან?! აგონიაში არიან, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძის მიერ სახალხო პარლამენტის შექმნაზე გაჟღერებულ იდეას გამოეხმაურა.
„ახლა ჩვენი ლადო კახაძე რომ იყოს, კარგ დასკვნას დადებდა. გაგიჟდნენ. არ არიან კარგად. დღეს რაც გააჟღერა ბატონმა ხაზარაძემ, მანამდე რა, ტექნიკური მთავრობის შესახებ არ გსმენიათ მადამ მავნებლისგან?! აგონიაში არიან. რა ქნან, არ იციან. მხარდამჭერები, ვინც ჰყავდათ, ისიც კი გამოეცალათ. გადაკეტეს ერთი ქუჩა, მეორე, მავნებლობენ, მეტი არაფერი. ზუსტად იციან, ამას ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვება, გარდა იმისა, რომ დედაქალაქის ინფრასტრუქტურას დაამტვრევენ. ხომ ნახეთ, ვაკეში ლამაზად გაკეთებული სკამები რომ იდგა, დაამტვრიეს და ცეცხლში შეუნთეს. როგორ შეიძლება ეს საქართველოს მოყვარულმა ქართველმა მოიწონოს?! ვის შეიძლება მოეწონოს ეს ვანდალიზმი?!
ეს არ არის შემთხვევითი. სულ რამდენიმე წლის წინ ბელადის [მიხეილ სააკაშვილის] ბიძა გახსოვთ რას უკვეთდა გუბაზს?! ალტერნატიული მთავრობა უნდა შევქმნათო და რომ გადაინაწილეს იქ შემდეგ თანამდებობები. ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს. რა, ხაზარაძემ არ იცის რომ სიგიჟეს ამბობს?! მაგრამ იძულებულია, ვალდებულია, რომ მუხტი შეინარჩუნოს. ადრე თუ გვიან, ეს რადიკალები შემოცუცქდებიან პარლამენტში და დასხდებიან როგორც პუფები. ყოველდღე შევახსენებ, რომ არიან უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები“, - აღნიშნა ზარქუამ.