ოპოზიციაში ახალი კონფიგურაციების ჩამოყალიბების მცდელობა რაიმე სიახლე არ არის, მელია იქნება, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე, „ლელო“ თუ გვარამია, ეს ყველა ერთად „ნაციონალური მოძრაობაა“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო, რომელიც მთელ საინფორმაციო პოლიტიკას და პროპაგანდას ადგენდა.
„ადრე ერთი მთლიანობა იყო, დღეს კი, დაიშალნენ და ახლა ცდილობენ ამ დაშლილისგან რაღაც ნაწილი შეკოწიწდეს. ეს ყველაფერი რა კონფიგურაციითაც არ უნდა შეიკრიბოს, ძირითადად გათვლა იმ ამომრჩეველზე აქვთ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი იყო. ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო, რომელიც მთელ საინფორმაციო პოლიტიკას და პროპაგანდას ადგენდა და დღესაც ადგენს. უბრალოდ, ახლა მოცემულობა შეიცვალა – შიდა დიდი დიფუზია აქვთ. გვარამია ახალი სახე კი არ არის, ათეულობით წლით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდული მიმართულების ხელმძღვანელი იყო. მას ე.წ. ამომრჩეველზე მინიმალური ზეგავლენა ექნება. მისგან სიახლე არაფერია – ახლა ხდება პოლიტიკური და მედია სივრცის ჰაერის და გარემოს ჯანჯღარი. ამომრჩევლისთვის ეს გადაჯგუფება-გადმოჯგუფება სიახლე არ არის. როცა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ვსაუბრობთ, მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინტერესების გარდა, კიდევ რაღაც უკეთესი უნდათ. ახლა გვარამია ტელევიზიით იქნება „ნაცმოძრაობის“ ლიდერი თუ ტელევიზიის გარეშე, ამით ამომრჩევლისთვის არაფერი იცვლება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.