თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა სისხლიანი სასამართლო სისტემა, რომელსაც შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უამრავი ადამიანის კეთილდღეობა. ორნახევარჯერ მეტი იყო ციხეებში პატიმრების რაოდენობა, 25 ათასს მიაღწია. სასწაული სტატისტიკა იყო. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

"ჩვენ ერთგულება დავუდასტურეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ეს არის კონსტიტუციური პრინციპი. ჩვენ ერთგულება დავუდასტურეთ ყველა კეთილსინდისიერ მოსამართლეს, რომელთა მონაწილეობითაც ფუნდამენტურად შეიცვალა საქართველოში სასამართლო სისტემა 2012 წლიდან მოყოლებული. ეს იყო ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გაჟღერდა პარლამენტის სხდომაზე. ჩვენ „ნაცმოძრაობას“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემთ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას. ამის არც მორალური უფლება აქვთ მათ და არც არანაირი. ზოგადად, მათ რომ ჰქონდეთ რამე მორალური პრინციპი, ამ საკითხს არც დააყენებდნენ.

ეს იწვევდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდას. გარდა იმისა, რომ იქ იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა და ეს ყველაფერი იწვევდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდას, რა თქმა უნდა, გადავსებული ციხეებიც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო. ათჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ საპატიმროებში. უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა შეეწირა მაშინდელ სისხლიან სასამართლო სისტემას და ასეთი სისტემის შემქმნელები, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვესაუბრებოდნენ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე სასამართლოსთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ამ საკითხის იყო გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, იმ ადეიშვილის, რომელიც იყო სწორედ ამ კრიმინალური, სისხლიანი სასამართლო სისტემის შემოქმედი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა პრინციპული პოზიცია და ჩვენ არ მივეცით კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.