უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს, ყოველგვარი განხილვის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად, აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე „ენჯეოების“ საქმიანობა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ „ენჯეოები“ არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი. „ენჯეოები“ არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება სწორედ პოლიტიკური ინტერესების და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს პოლიტიკასთან, საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა იქ არავის არასდროს უხარია. შესაბამისად, გასაგებია სუბიექტური ინტერესი, მაგრამ საბოლოო ჯამში, შენგან ითხოვენ გამჭვირვალობას, არ შეიძლება, ასეთი უხეში ფორმით იბრძოდე გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს არის გაუგებარი და მიუღებელი. ეს ყველაფერი არის ახსნა იმისა, რატომ ჩაკეტეს დისკუსია და ბოლო მომენტში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს რატომ ჩააკეტინეს დისკუსია, როცა ჩვენ ყველას შევთავაზეთ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა ასეთი ჯანსაღი დისკუსიისთვის. უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს ყოველგვარი განხილვის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.