ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
"ყველამ იცის, რით არის კეზერაშვილი დაკავებული. ჯერ რით იყო დაკავებული, როცა იყო „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსანი, როცა იყო მინისტრი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი. ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი გამოძიება წარიმართა, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან ერთად და საბოლოო ჯამში, ყველაფერი დევს ხელისგულზე.
ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ ეს ადამიანი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში, რასთან დაკავშირებითაც ყველამ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, "შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით."