სალომე ზურაბიშვილი უკვე გაცვეთილი რესურსია; თავიდან, როდესაც პირველად შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში, გარკვეული ეფექტი ჰქონდა მის განცხადებებს, თუმცა დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი, ერთი პატარა ჭანჭიკი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციას ძალიან უჭირს რესურსების მობილიზება და საეჭვოა, რაიმე ახალი რესურსი შეიძინოს. „ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც დღემდე სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტად იწოდება, არის უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატე, ამ სიტყვას პირდაპირ ვიტყვი. ის პირდაპირ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისთვის ზოგადად, სამწუხაროდ, არ არის ეს ყველაფერი უცხო მოვლენა.
უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტად იწოდება ეს ადამიანი, რისთვისაც მეც მინდა პირადად ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი პირადი, საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტად იწოდება მოღალატე, თუმცა ჩვენ ისეთი პრეზიდენტი გვყავდა 9 წლის განმავლობაში, რომ მასთან სალომე ზურაბიშვილის ღალატი არაფერია. ბუნებრივია, სააკაშვილს ვგულისხმობ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.