კონსტიტუციის თანახმად, პატიმარი და საქართველოს არამოქალაქე ვერ იქნება საარჩევნო სიაში წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაყენებას შეეხებოდა.

მისი თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 20%- ზე ქვემოთ არის ჩამოსული.

„გინდა პირველი ნომერი იყოს, გინდა მეათე, გინდა საერთოდ არ იყოს, არსებითად ეს, რა თქმა უნდა, არ შეცვლის ვითარებას საარჩევნო კუთხით, გამომდინარე იქიდან, რომ, მგონი, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“. დღეს რომ 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რადიკალური ცვლილებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.