როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და სიტუაცია შეიცვლება მაშინვე, რადიკალურად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და შესაბამისად, მარტივად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი სირთულე შეხვდა და ასეთივე სირთულეები იქნება შემდეგი 1 წლის განმავლობაშიც.
„ქართველი ხალხის არჩევანია ევროინტეგრაცია და ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი საგარეო ინტერესი და ამოცანაა, რომელიც უნდა შესრულდეს ჩვენი სახელმწიფოს მიერ. ამ გზაზე ძალიან ბევრი სირთულე იყო, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, თუმცა, ჩვენ ღირსეული პოზიცია დავიკავეთ და სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. ასეთივე სირთულეები იქნება შემდეგი 1 წლის განმავლობაშიც და ეს სირთულეები ამ შემთხვევაშიც იქნება დაკავშირებული იმ ომთან, რომელიც ჩვენს რეგიონში წარმოებს და შესაბამისად, მეორე ფრონტთან. როგორც კი სიტუაცია შეიცვლება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს მოხდება მაქსიმუმ 1 წელიწადში, ჩვენ გვაქვს 90% ვარაუდის შესაძლებლობა ამ თვალსაზრისით, როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე რადიკალურად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და შესაბამისად, მარტივად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნის თაობაზეც.
„რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, მე ვფიქრობ, მაქსიმუმ მომავალ წელს ეს ამოცანაც შესრულდება. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, როდის იქნება ეს, მომავალ წელს, 2 წელიწადში თუ წელს, საბოლოო ჯამში, ვიცით, რომ ჩვენი სამიზნე არის 2030 წელი, სწორედ ამ კონტენტში საუბრობენ ევროკავშირის გაფართოებაზე. მანამდე როდის მოხდება მოლაპარაკებების გახსნა, ეს არის ტექნიკური დეტალი და მეტი არაფერი“,- განმარტა პრემიერ-მინისტრმა.