საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.  

პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. 
ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. 

ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და მზადაა რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერა დაადასტურა. 
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.