ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის, რომელიც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ყრილობაზე სიტყვით
გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე: პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის, რომელიც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი მოიგებს მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში, არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება. 

„ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები. ჩვენ გვაქვს მკაფიო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის:
დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეოპოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.