საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარიზში, ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, დაესწრო სამიტს „სპორტი მდგრადი განვითარებისთვის“.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით გამართული ღონისძიება AFD-ის გენერალური დირექტორის, რემი რიუს სიტყვით გაიხსნა. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
ღონისძიებამ 500-მდე მონაწილეს უმასპინძლა, რომელთა შორის, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრო საზეიმო მიღებას, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის სახელით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სტუმარი სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად, ლუვრში გაიმართა.