ნიკა მელიას ამნისტიაზე მე არ ვისაუბრებდი იმ პარტიის რიგებიდან, რომელიც ნიკა მელიას გულისთვის გადადგა, მელიას გულისთვის გადამდგარი პარტიის თავმჯდომარე გყავთ და მისი პარტიის წევრი გვესაუბრება მელიას ამნისტიაზე, რომელიც, შეგახსენებთ, 19 აპრილის შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, გახარიასთვის არავითარი შეღავათი არ არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ძალიან გიყვართ ეს შეთანხმება, თუმცა დღეს გაირკვა, რომ თურმე არ მოგწონთ. აღარასდროს მოვაწერთ ხელს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა ქვეყნის გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარასდროს მოვაწერთ ხელს. სტრასბურგის გადაწყვეტილება არავითარი შეღავათი არ არის თქვენთვის, მართალია, საბოლოო ჯამში, იყო ლეგიტიმური ძალა გამოყენებული ჩვენი სპეცრაზმის მხრიდან, მაგრამ გართულებამდე ვითარება მიიყვანა სწორედ იმ უგუნურმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც მანამდე მიიღო მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გახარიამ. ძალიან მძიმედ დაუჯდა ეს ქვეყანას, დასახიჩრდნენ ადამიანები, არავითარი შეღავათი არ არის თქვენი ლიდერისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.