რაც უფრო მეტი 2-3% იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ეხებოდა ნიკა გვარამიას პოლიტიკაში შესაძლო მოსვლას.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას რომ საკუთარი წარსულის ეშინია, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.
„ნიკა გვარამიას საკუთარი წარსულის უნდა ეშინოდეს. მისი ბიოგრაფიიდან გარკვეულ შტრიხებს შეგახსენებთ: იყო ადეიშვილისა და გენპროკურორის მოადგილე. როცა ადამიანებს დასდევდნენ, აწამებდნენ, ციხეებში ყრიდნენ, ეს არის ერთი შტრიხი გვარამიას წარსულიდან. ასევე ის იყო ერთ-ერთი ლიდერი იმ პროცესის, რომელიც უკავშირდებოდა „იმედში“ ძალადობრივად შეჭრას და მის მისაკუთრებას. ზოგადად, ის ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის, რომელიც ადამიანების წინააღმდეგ პირდაპირ რეპრესიებს ახორციელებდა და ავტორიტარული სისტემა იყო ქვეყანაში. როცა ოპოზიციაში აღმოჩნდა, გახსოვთ, მისი როლი როგორ იყო. პოლარიზაციას ახდენდა, ეთერში პირდაპირ ბილწსიტყვაობდა. ახლა უნდა, ეს ყველაფერი საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებს დააბრალოს – მას ჰქონდა და აქვს, მაგრამ ეს არ არის გამართლება, როცა ეთერში ბილწსიტყვაობ. თქვენ გახსოვთ, რას ლაპარაკობდა სალომე ზურაბიშვილზე და მის პირად ცხოვრებაზე. ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმარი იყო მისი შვილების ნათლია და ა.შ. ამას საუბრობდა ნიკა გვარამია და ამ ყველაფერს საკუთარ ფსიქიკას აბრალებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ახსნა და არც არაფრის გამართლება. ვისაც ეშინია, საკუთარი წარსულის, მას არც მომავალი არ უნდა ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაში. მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.