ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით, გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაური მოუწოდებს ყველას, რომ იზრუნონ ქართველ ხალხზე და არა ქვეყნის არევის მოსურნე „ენჯეოების“ მიერ შავი ფულის დამალვაზე.
„უკვე რამდენიმე თვეა გვემუქრებიან, რომ თუ არ დავთმობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, არ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. აქ ერთი რამ უნდა ითქვას: დღეს მოლაპარაკებები გახსნილი აქვთ უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაშინ, როდესაც საქართველო ერთი თავით მაღლა დგას ორივე ქვეყანაზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირის ინტერესებშია, სამართლიანობა რაც შეიძლება მალე აღადგინოს.
აქ დგახართ ადამიანები, რომლებიც გამოხატავთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის პოზიციას. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით, გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები წელსვე. ეს არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა, რომელსაც ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო იმსახურებს. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველას, იზრუნონ ქართველ ხალხზე და არა ქვეყნის არევის მოსურნე „ენჯეოების“ მიერ შავი ფულის დამალვაზე. ეს იქნება ღირსეული და პასუხისმგებლობით გამსჭვალული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.