საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოლიმპიელებთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილი ღონისძიება არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს სხვა ტიპის ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება გაიმართოს საჯარო სივრცეში.
კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოლიმპიელების გამარჯვება არის სახალხო, ისეთი მოვლენა, რომელიც მთელ ქვეყანას აერთიანებს, ხალხთან ერთად უნდა მოხდეს მათი დაჯილდოება. რას ნიშნავს, როდესაც ზურაბიშვილი ამბობს, რომ თქვენ ხალხის გეშინიათ და ამიტომ გადაწყვიტეთ, ეს ღონისძიება ჩაკეტილ სივრცეში ყოფილიყო. იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ ფეხბურთელების დაჯილდოებისას ხალხი სტვენით შეგხვდათ?“.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხალხის სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს.
„რაც შეეხება მაშინდელ ღონისძიებას, 250 000 აქტივისტი ჰყავდათ ზუსტად მობილიზებული, რომლებმაც თავი მოიჭრეს, ეს იყო ის, რაც მოხდა მაშინ, თავის დროზე. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ტრადიციულად ტარდებოდა ხოლმე ასეთ რეჟიმში, როგორც დღეს არის დაგეგმილი. რაც შეეხება საჯარო ღონისძიებას, ასეთ რამესაც განვიხილავთ ჩვენ. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ აგვისტოს თვეა, შესაბამისად, თბილისიდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული. ასეთ დროს, შეიძლება ვერ შეიქმნას ის მუხტი, რომელიც ეკუთვნით ჩვენს ოლიმპიელებს, თუმცა ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. ეს ღონისძიება არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს სხვა ტიპის ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება გაიმართოს საჯარო სივრცეში.
იმ განცხადებებს აღარ გამოვეხმაურები, კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რასაც ცდილობს. მგონი, ხალხის სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს და ხალხის რისხვას ის საბოლოო ჯამში ვერ გადაურჩება, მე ასე მგონია. ის დიდი ხანი არ იქნება პრეზიდენტი და მოუწევს, რეალურად თვალი თვალში გაუსწოროს საქართველოს მოსახლეობას, საბოლოო ჯამში პასუხი უნდა აგოს მანაც იმ ღალატისთვის, რომელსაც სჩადის მუდმივ რეჟიმში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.