გადავიანგარიშე და 107 მანდატი გამოგვდის GORBI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციას - 43. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მონაცემებით მხოლოდ ექვსი მანდატი გვაკლია საკონსტიტუციო უმრავლესობამდე. ვფიქრობ, ეს დანაკლისი თავისუფლად აღმოფხვრადია. თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, რას ეუბნება GORBI-ის კვლევა, როდესაც მმართველი პარტია საუბრობს იმაზე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შესაძლებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან და რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც ამ კვლევებს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მოგონილი რიცხვებია.

„ოპოზიცია კვლევებს არ აღიარებს, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებთ ერთიანდებიან, რომ რამენაირად სცადონ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. თუ არ აქვთ ბარიერის გადალახვის პრობლემა, რატომ ერთიანდებიან ასე ერთმანეთის მიყოლებით?! რეალურად თვითონაც კარგად იციან, რა არის სურათი. სურათი არის ზუსტად ასეთი - ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევები, რომელსაც კომპანია ატარებს და ეს [GORBI-ის კვლევა] არის მსგავსი. გადავიანგარიშე და 107 მანდატი გამოგვდის GORBI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციას - 43. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მონაცემებით მხოლოდ ექვსი მანდატი გვაკლია საკონსტიტუციო უმრავლესობამდე. ვფიქრობ, ეს დანაკლისი თავისუფლად აღმოფხვრადია. თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამისათვის არის მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული და წარვმართოთ სწორი კამპანია. ასეთ შემთხვევაში, 113 მანდატის მიღება პარლამენტში არის თავისუფლად შესაძლებელი. GORBI-ის მონაცემები ამას გვეუბნება, ჩვენი კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემები ამას გვეუბნება და შესაბამისად, აბსოლუტურად რეალურია „ქართული ოცნების“ მიერ თუნდაც 113 მანდატის მიღება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება“, - აღნიშნა კობახიძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 59.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად - 43 მანდატს.