გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცველს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამისათვის. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ.
ხელისუფლებისა და ნაცმოძრაობის ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი.
უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც. თუმცა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც. სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“, „სირცხვილიასთან“ და „დროასთან“ ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა „ფრანკლინის კლუბის“ აქტიურობა. „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.