ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ იმოქმედა საბჭოური მიდგომებით, როდესაც 100-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიმართ უსამართლო დათქმების დაწესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორ ხედავს თანამშრომლობის გაგრძელებას ევროსაბჭოზე“, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრად და თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში გაგრძელდება.

„რეალურად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, ფუნქციას. ამას აკეთებდა საკუთარი ხელით. გუშინდელი გადაწყვეტილებაც არის ამის გაგრძელება. დღეისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი. ასეთ პირობებში ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა რაც შეეხება ევროსაბჭოს, ბუნებრივია, ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან. ამას დავპირდით ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, როცა ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, როგორ უპასუხებს კრიტიკას, რომ „ საქართველოს დელეგაციის მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა რეალურად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას“, კობახიძემ აღნიშნა:

„რეალურად ეს ასეა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ. რეალურად არავითარი იზოლაცია არ იქნება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ყველასთან. მაგრამ ვხედავთ, რომ ყოველთვის კონკრეტული მხარე იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიმართულია იზოლაციისკენ, დიალოგის აღკვეთისკენ. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს საბჭოური მიდგომებია. გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც იმოქმედა საბჭოური მიდგომებით, როდესაც 100-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიმართ დათქმების დაწესებას, აბსოლუტურად უსამართლო დათქმების დაწესებას. საბჭოური მიდგომების ადგილი მგონია, ევროპაში არ არის. იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია გაჯანსაღდება ახლო მომავალში. ყოველ შემთხვევაში, არის იმის რესურსი, რომ აშშ-ში ცვლილებების პირობებში ევროპული ბიუროკრატიაც გაჯანსაღდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.