ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
„რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის მუდმივი საქმე. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ, ეს არის სწორედ კორუფციასთან ბრძოლა. ამაზე საგანგებო აქცენტები გავაკეთე, როცა მქონდა საპარლამენტო გამოსვლა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მომავალშიც ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმოქმედებს ამ მიზნის შესაბამისად.
სახელმწიფო სისტემა არის ძალიან მსხვილი სუბიექტი, სადაც მუშაობს ათიათასობით ადამიანი და არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ გვაქვს კორუფციის შემთხვევები. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორებიც არიან მოწინავეები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მაგალითად, როგორიც არიან სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ. იქაც კი აქვთ კორუფცია სხვადასხვა დონეზე. შესაბამისად, აქ საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე მე მგონია, რომ აბსოლუტურად არასწორია. კონკრეტული სავარაუდო დანაშაული გაიხსნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის მხრიდან, სადაც იყო ეჭვი დანაშაულთან დაკავშირებით, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყო სატანადო სამართლებრივი პროცედურები. დანარჩენი ამის მირმა არის სპეკულაციები“, - განაცხადა პრემიერმა.