2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და ათი წლის შემდეგ გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების თარიღად სააკაშვილის პარტია 8 აგვისტოს აღნიშნავდა და ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს.
„ამოიღეთ კადრები 2009-2013 წლების, როდის აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს სააკაშვილის პარტია – ეს იყო 8 აგვისტოს, და მერე გაიგეს, ხუთი-ექვსი წლის შემდეგ, რომ 8 აგვისტოს არა, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი? სამარცხვინოა. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს. რა უნდა ვთქვა მეტი ამაზე? 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და ათი წლის შემდეგ გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა“, – განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებას შეეხებოდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ, სწორედ სააკაშვილი იყო საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებელი.
„ვინც გაატარა რუსეთის ინტერესები საქართველოში 2008 წელს, ეს იყო სააკაშვილის პარტია და მიხეილ სააკაშვილი. დაკვეთა მიიღეს „დიფ სთეითისგან“, მაგრამ ეს ომი დასრულდა იმით, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, ამის შემდეგ მოხდა ე.წ. აღიარება და ა.შ. სააკაშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც თვითონვე აღიარა, რომ თავად დაიწყეს ომი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.