7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული,ანარქისტული ძალები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ე.წ. ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობრივი აქცია „ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა“.
„ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი, დესტრუქციული ძალების, შიდა მტრების, ე.წ. მეხუთე კოლონის და მათი მოკავშირე გარე ძალების გათვლა და ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა და ე.წ. რევოლუციის მოწყობა. კარგად გახსოვთ ე.წ. აქციები „შინ ევროპისკენ“ და მათი გაცხადებული მიზანიც ასევე იყო ხელისუფლების შეცვლა. მათი საბოლოო ამოცანა არის ომის დაწყება. ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს ეს გეგმაც ჩაუვარდათ. შეგახსენებთ, ბოლო მცდელობა, ახლა უკვე რამდენიმე კვირის წინ, 7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული ახალგაზრდული ორგანიზაციები.
„ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი მეტი თავისუფლების“, ე.წ. ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები. გახსოვთ, რომ მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმები. ყველამ კარგად ვნახეთ „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების სროლა პოლიციის მიმართულებით და ა.შ. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა“, - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ის ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს განცხადებები წამახალისებელი იყო.
„შეგახსენებთ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრების ე.წ. წამახალისებელ განცხადებებს. მაშინ, როცა ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს ესროდნენ, ჩვენ გვესმოდა პირდაპირი მოწოდებები ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, რომ მათი თქმით, ახლა არის ამ რეჟიმის დამხობის დრო და ა.შ. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა. მინდა გითხრათ, რომ საბოლოო გამოწევა არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობის, მშვიდობის შენარჩუნება, რომ არ დავუშვათ კონფრონტაცია და მისი გადმოტანა. ეს არის ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის მთავარი ამოცანა, მთავარი საზრუნავი და მადლობა ღმერთს, ამას წარმატებით ვაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.