“ჩვენი სათქმელი არის ერთი და უმთავრესი, რომ ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა შეინარჩუნოს, იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის მთავარი საუნჯე, რაზედაც დგას ჩვენი იდენტობა - მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ ამ ღირებულებების ირგვლივ“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“.
"ზუსტად ასეთი თანმიმდევრული ნაბიჯებით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც ეფუძნება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, რომელიც არის სასიკეთო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის - ზუსტად ასეთი განვითარებული საქართველო შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
დღეს, პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს .
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
ასევე, ევროპარლამენტარები მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, 2024 წლის 3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო რაც დღემდე გრძელდება