„სახელმწიფო თუ ექცევა მოქალაქეებს ღირსეულად, ექცევა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ხომ არ გახსენდებათ თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, არ გახსენდებათ ის ხელოვნური ბარიერები რომლებიც შეუქმენით მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის? შემიძლია გაგახსენოთ. თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილებები მაშინ და მოქალაქეებს აიძულეთ, რომ მათ მოეტანათ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. წარმოგიდგენიათ უცხოეთში, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან - ადამიანებს, იმ შემთხვევაში თუ მათ სურვილი ჰქონდათ, დამდგარიყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ცნობა უნდა მიეტანათ?!“ - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მარტივი და თავისუფალია დღეს ხმის მიცემის პროცესი საზღვარგარეთ.
„ვისაუბრე იმ შესაძლებლობებზე თუ როგორ უნდა დადგეს ადამიანი საკონსულო აღრიცხვაზე, რაც ძალიან მარტივია. შესაბამისად, მას მერე, რაც ჩვენ შევძლებთ ყველა ერთად, რომ მოვახდინოთ მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების აღრიცხვა და ვიცოდეთ ჩვენი მოქალაქეების ადგილსამყოფლის შესახებ - ეს მოგვცემს შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების უფლებას,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.