გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობა ევროპულ ინსტიტუტებთან, მაგრამ არა მათი მუდმივი მცდელობის ხარჯზე, ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში, დააფინანსონ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი, ტვინი გამოურეცხონ ახალგაზრდობას, –  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევის თქმით, „სამხრეთ კავკასიის წამყვანმა ქვეყნებმა უნდა აიღონ თანამშრომლობის მთავარი ტვირთი“.

„ჩვენ, როგორც აზერბაიჯანს, გვინდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა ევროპულ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, ევროკომისიასთან, მაგრამ არა ჩვენი ინტერესების ხარჯზე, არა მათი მუდმივი მცდელობის ხარჯზე, ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში, დააფინანსონ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი, ტვინი გამოურეცხონ ჩვენს ახალგაზრდობას და ტვინი მოუწამლონ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს რეგიონში. სწორედ ასე გვსურს, დავინახოთ სამხრეთ კავკასია. როგორც სამხრეთ კავკასიის წამყვანმა ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, რა თქმა უნდა, უნდა აიღონ თანამშრომლობის მთავარი ტვირთი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სომხეთს, როდესაც – და თუ – დათანხმდება კონსტიტუციის შეცვლას აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების კუთხით, შეუძლია, შეუერთდეს პროცესს და შეგვიძლია ვიფიქროთ მომავალ გრძელვადიან, პროგნოზირებად ვითარებაზე ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.