2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანებას „ქართული ოცნების" „ლოცვა-კურთხევა" ჰქონდა და ის მხოლოდ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას არ გაუცია, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეს ბრძანება არ ყოფილა მარტო გახარიასი. ამ ბრძანებას აშკარად ჰქონდა "ქართული ოცნების" ლოცვა-კურთხევა, მაგრამ რომელი თანამდებობის პირი იყო, ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა, ამას ბატონი გახარია არ ამბობს. ისევე როგორც ის არაფერს ამბობს იმ სისტემის შესახებ, თუ როგორ იმართება "ქართული ოცნება". რატომ გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი? ოპოზიციიდან უფრო მარტივია რაღაცის გაკეთება თუ პრემიერ-მინისტრობიდან? ეს არის კითხვები, რომელიც გახარიას მიმართ არსებობს და სანამ პასუხი არ გაეცემა, ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქართველი ამომრჩეველი კრიტიკული უნდა იყოს მის მიმართ.
2020 წელს გახარია ხელისუფლებაში იყო და ხელისუფლების სახელით მოქმედებდა. "ქოცები" ხელს საკუთარ თავს აფარებენ და არა გახარიას. გახარიაზე ხელის დაფარება ამ მთავრობას გამოდის, იმიტომ რომ მაშინ გახარია "ქოცებს" წარმოადგენდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს აფარებენ ხელს. გახარია არ ამბობს რეალურად რა მოხდა, "ქოცები" არავის სჯიან ამ საქმესთან დაკავშირებით," - განაცხადა ხვიჩიამ.