პარტიის ლიდერი როცა ხარ, ქველმოქმედება გამოიყურება, როგორც წინასაარჩევნო მზადება, ხელნაწერი წიგნის შეძენა წინასაარჩევნო სვლას ნიშნავს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
აღნიშნული კომენტარით იაგო ხვიჩია ბიძინა ივანიშვილის მიერ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის შეძენას გამოეხმაურა.
„დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი „ქართული ოცნების“ ბევრ წევრს არ ექნება წაკითხული, არც გაგებული ექნებოდათ, მაგრამ წინასაარჩევნოდ მილიონნახევრად, ცოტა ფულად შანსი გამოჩნდა, პოზიტიური ყურადღება მიიქციონ და კიდევ ერთხელ დაუბრუნდა საზოგადოებას, როგორც ქველმოქმედი, მაგრამ პარტიის ლიდერი როცა ხარ, ქველმოქმედება გამოიყურება, როგორც წინასაარჩევნო მზადება. ეს წიგნი V-VII საუკუნეებშია შექმნილი და 21-ე საუკუნის არჩევნების წელი დასჭირდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. წიგნის ყიდვა გინდოდეს და „კრისტის“ აუქციონის გარეშეც იშოვი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.