ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ის ცუდი საქმეები უნდა გააპროტესტოს, რასაც აკეთებს, მათ შორისაა “რუსული კანონი” და თან აზრზე მოვიდეს, ხალხს დაელაპარაკოს, რას გააკეთებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, – განაცხადა “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, სახელგატეხილი პოლიტიკოსები როდესაც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ და არაფერს ჰპირდებიან, ეს მიტინგის დაშლის ნაცადი გზაა.
„პროტესტის ფორმა აზრზე მოსვლა უნდა იყოს. ოპოზიციამ “ქართული ოცნების” ის ცუდი საქმეები უნდა გააპროტესტოს, რასაც აკეთებს, მათ შორისაა “რუსული კანონი” და თან აზრზე მოვიდეს, რაც მარტივი ამბავი არ არის. როგორც ჩანს, კოლეგებს პროტესტის ძლიერი ფორმა სჭირდებათ, რადგან პატარ-პატარა პროტესტებით აზრზე ვერ მოდიან. აზრზე მოსვლა იმას ნიშნავს, რომ მიტინგის დაშლისა და „კატაობის“ ნაცვლად, ხალხს უნდა დაელაპარაკონ, რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. როცა ოპოზიცია ამის თქმას ერთად შეძლებს, მობილიზებას აზრი მაშინ აქვს. ახლა სახელგატეხილი პოლიტიკოსები რომ ხალხს ეუბნებიან, გამოდითო და არაფერს ჰპირდებიან, მგონი, ეს მიტინგის დაშლის ნაცადი გზაა. სააკაშვილს ყველაფერი შეუძლია, გააჩნია, ამ პროცესებში რა როლი უნდა. როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, მან არ უნდა მოინდომოს ქორწილში სიძის და გასვენებაში გარდაცვლილის როლი, რადგან ამაზე ბევრი მუშაობს. სხვა როლი უნდა მოირგოს, ბევრია ვაკანტური, თუმცა ყველას მთავარსარდლობა უნდა და სწორედ ეს როლია დაკავებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ