„ლელო“ როგორც აპირებს არჩევნებში გასვლას, მაგას სჯობს, არ გავიდნენ. სრულიად მართებულია „ლელოს“ მიმართ ამ აბსურდული გადაწყვეტილების ბულინგი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მან ჯერ მხარი დაუჭირა და დააფინანსა იმ ხალხის ლანძღვა, ვინც ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთო. ახლა თვითონ გადააწყვეტინეს ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება. ჯერ სათანადო ფინანსები აქვს დასახარჯი, მაგალითად, საკუთარი ჯიბის ტელევიზიაში – „ტვ პირველში“. ფული უნდა გადაუხადოს ჟურნალისტებს, ვინც აგინებდნენ ხალხს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. მერე გრიგოლიამ ქება უნდა დაიწყოს და უკან წაიღოს თავისი ნალაპარაკები, მერე იგივე უნდა გააკეთოს მიშველაძემ, მერე ფული უნდა გადაუხადოს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებს, ვისაც „ლელო“ აქამდე აქეზებდა, არჩევნებში არ მიიღოთ მონაწილეობაო.

ამიტომ ევროპარლამენტარების ნათქვამი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია. „ლელოს“ შიგნით აქვს ბულინგის პრობლემა, თორემ ევროპარლამენტის წევრების ნათქვამს, რომ გითხრათ, გადამწყვეტ მნიშვნელობას მივანიჭებდი, ასე არ არის. გადამწყვეტი მნიშვნელობა საკუთარ აზრს უნდა მიანიჭო. „ლელო“ როგორც აპირებს არჩევნებში გასვლას, მაგას სჯობს, არ გავიდნენ. სრულიად მართებულია „ლელოს“ მიმართ ამ აბსურდული გადაწყვეტილების ბულინგი. მარტო „ლელო“ თუ გავა არჩევნებზე, ეს არაფერ შუაში არ არის. „ლელო“ უნდა ყოფილიყო დონორი ერთიანობის, სადაც ხალხი დააყენებდა ზეპარტიულ კანდიდატს და „ლელო“ თავის პარტიულ ამბიციებს უკან გადადებდა. ეს იქნებოდა სწორი სტრატეგია, მაგრამ „ლელო“ თუ ამბობს, ხაზარაძე არის მთავარი მოგების კანდიდატი, მაგას სჯობს, ისევ ევროპარლამენტარებს დაუჯერონ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა. პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ. ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ „2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით“.