არცერთი სერიოზული არგუმენტი არ დასახელებულა, თუ რატომ იყო საჭირო ჩვენი პარტნიორების გადამტერება და იმის იმედად დარჩენა, რომ პუტინი კარგი კაცია და თავს არ დაგვესხმება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავისი ამომრჩეველი სულელი ჰგონია, რადგან საჯარო სივრცეში პასუხიც არ აღირსა, თუ რატომ არის კრემლი გამჭვირვალობის კანონის მიღებით ბედნიერი, მაშინ როდესაც საქართველოს პარტნიორები მას ეწინააღმდეგებიან.
„კრემლიდან იყო თუ არა ნაკარნახევი, არ ვიცი, მაგრამ, კრემლის გარდა, რომ არავის გახარებია ამ სამყაროში ჩვენს მეგობარს, ეს ვიცი. ერთადერთი, მგონი, კრემლი იყო ამ რაღაცით ბედნიერი და კრემლის და ჩვენი მეგობრობა კიდევ არსად გაიშვას. სწორედ ეს იყო ჩვენი კრიტიკის მთავარი საგანი, რატომ ვიღებთ? „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი რომ ვიყო, ამ შეკითხვას დავსვამდი. საქმე ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი ამომრჩეველი სულელი ჰგონია, რადგან ამ კითხვაზე საჯარო სივრცეში პასუხიც კი არ აღირსა. გამჭვირვალობა, დემოკრატია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველას ესმის, რომ არ დასახელებულა არცერთი სერიოზული არგუმენტი, თუ რატომ იყო საჭირო ჩვენი პარტნიორების გადამტერება და იმის იმედად დარჩენა, რომ პუტინი კარგი კაცია და ჩვენ თავს არ დაგვესხმება. სწორედ ეს გაუგებრობა აჩენს იმ კითხვებს, ხომ არ იყო კრემლიდან ნაკარნახევი. მე ვიცი, რომ არცერთ ჩვენს მეგობარს ეს არ გახარებია და ჩვენი მტრები კომპლიმენტებს გვეუბნებოდნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩია.
კანადაში ანალოგიური კანონის მიღებასთან დაკავშირებით, იაგო ხვიჩიამ განმარტა, რომ იმდენად არ ესმის კანადის მემარცხენე პოლიტიკის, რომ ამ კანონის მიღების არსიც არ ესმის.
„რატომ არის კანადის პოლიტიკა ზედმეტად მემარცხენე, თქვენი აზრით? ამ კითხვაზე რომ უპასუხოთ, კანადის პოლიტიკა ხომ უნდა გესმოდეთ? მე არ მესმის კანადის პოლიტიკა, საერთოდ არ მესმის, რატომ ირჩევენ, რას და რატომ აკეთებენ. შესაბამისად, არც ამ კანონის მესმის“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.