„თქვენ კანონპროექტზე საუბრობდით, თუ იგივე შინაარსის ფრანგულ კანონზე?! თქვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში მსგავსი არაფერი წერია, რაც თქვენ ნახევარი საათის განმავლობაში ისაუბრეთ“, - ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა.
გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტის თითქმის ყველა მუხლს ეთანხმება, ქვეყანაში უსაფრთხოება და გამჭვირვალობა მხოლოდ ერთი დღით რატომ არის საჭირო. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იგი სამართლებრივი პასუხს ელოდება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან და არა პოლიტიკურ შეფასებას, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის.
„ბატონო გიორგი, გაგიკვირდებათ და მინდა, სამართლებრივი შეკითხვა დაგისვათ. ნახევარი საათი ბევრ შენიშვნაზე ისაუბრეთ, მე ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს თქვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს და პირველი კითხვა მაქვს ასეთი: თქვენ კანონპროექტზე საუბრობდით, თუ იგივე შინაარსის ფრანგულ კანონზე?! თქვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში მსგავსი არაფერი წერია, რაც თქვენ ნახევარი საათის განმავლობაში ისაუბრეთ. თქვენ თუ იურისტები არ გყავდათ, დაგექირავებინათ და ისინი გეტყოდნენ, თუ შენიშვნები გაქვთ, ეს პარლამენტს უნდა წარუდგინო კანონპროექტით. ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები და ვუყურებთ თქვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, სადაც აბსოლუტურად ყველაფერში გვეთანხმებით, გარდა მე-11 მუხლისა. ანუ გვეთანხმებით, რომ საჭიროა უსაფრთხოება და გამჭვირვალობა, უბრალოდ გვთავაზობთ, რომ ეს იყოს ერთი დღით. თუ უსაფრთხოება და გამჭვირვალობა საჭიროა, ეს მუდმივად უნდა იყოს და არა ერთი დღით. ამიტომ, ამაზე გამეცით სამართლებრივი პასუხი, თუ ამას შეძლებთ, რადგან არც თქვენი და არც სალომე ზურაბიშვილის კომპეტენცია არ არის პოლიტიკური განცხადებები გაკეთება.
მეორე შეკითხვა: თქვენ ასევე ისაუბრეთ შენიშვნებზე, რატომ არ არის ეს კანონი მიზანშეწონილი. რატომ არ დაელოდეთ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც ორ დღეში გამოქვეყნდა?! ეს ხომ არ იყო ის, რაც თქვენ დაგავალეს, რომ როგორც თქვენ თითქოსდა პოზიციონირებთ, არათუ დამშვიდებისკენ წავიდეს სიტუაცია, არამედ პოლარიზება გამოიწვიოთ?“ - მიმართა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი მსხილაძეს.
გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო, რაზედაც თავად დეპუტატმა დაზუსტება სცადა, თუმცა, მსხილაძეს არც დაზუსტების შემდეგ გაუცია პასუხი უმრავლესობის დეპუტატისთვის.