სულ მაინტერესებს, ევროკავშირზე რომ მიდის ლაპარაკი, ბრიტანეთმა რატომ დატოვა ევროკავშირი, რატომ არავინ კითხულობს ამას? რა, პუტინთან წავიდა? რატომ დატოვა ინგლისმა ევროკავშირი? ესე იგი ამის მიზეზები არის, ყველა ქვეყანას აქვს თავისი შეხედულება, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.
მისი თქმით, ეპოქის და ვითარების ცვლილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქვეყანას ის მიზანი აღარ ჰქონდეს, რაც ხუთი წლის წინ ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოს ფასი გაიზარდა, რადგან ყველამ დაინახა, რომ ქვეყანამ ყველაზე წინ საკუთარი თავი დააყენა
„არანაირი კეთილდღეობა, რომელზეც დღეს მამუკა [მდინარაძე] ლაპარაკობდა, აღარ არის ევროკავშირში. რეცესიაა გერმანიაში 0.25%, თვითონ იძახიან, ფასები გაზრდილი და გამათბობლებს სახლებში პოლიციელები უყურებენ. არანაირ კეთილდღეობას დღეს ევროკავშირი აღარ წარმოადგენს. ამიტომ ის მიზანი, რაც ხუთი წლის წინ იყო შეიძლება, დღეს უკვე ის მიზანი არ არის. ეპოქა ეპოქას ცვლის, იცვლება ვითარება და უნდა გამოდიოდე შენი ინტერესებიდან.
პატივისცემა გაჩნდა საქართველოსი, ყველა მიხვდა, რომ ქვეყანამ თავისი თავი დააყენა ყველაზე წინ და ეგრეც უნდა იყოს, იმიტომ რომ, ეპოქებიც იცვლება, კავშირებიც იშლება. რამდენი კოალიციები, კავშირები, ერთობები ახსოვს მსოფლიოს, ადრე თუ გვიან, ყველაფერი იშლება, ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ. ეს ევროკავშირი, რომელზეც ახლა დედა გვაქვს აფეთქებული, გინდა თუ არა, უნდა შევიდეთო, მზად არის და ეს ის ევროკავშირია საითაც მივისწრაფოდით?“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
წამყვანის რეპლიკაზე, რომ თავად ამ კითხვის დასმა - სასარგებლოა თუ არა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ფასდება, როგორც მკრეხელობა და პირდაპირ რუსული ნარატივი, ხაინდრავა აცხადებს, რომ სწორედ ეს არის პოლიტიკური ტერორი.
„ეგ არის პოლიტიკური ტერორი. მაგას ვიძახი ზუსტად, რომ რატომ არ შეიძლება ქართულ საზოგადოებაში დადგეს საკითხი: ავწონოთ, დავწონოთ, ვნახოთ ის კანონები, ის წესები, რა გვაწყობს ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობაში. ყველაზე მთავარი რაც არის - რატომ არის ასეთი შემოტევა? იმიტომ, რომ შენი ფასი გაიზარდა, შენ დარჩი ერთადერთი კარიბჭე, რომელიც აერთიანებ დიდ ჩინეთს, რომელიც დამიჯერეთ, 22-ე საუკუნის ქვეყანაა და ევროკავშირს - ეს ურთიერთობა, ამერიკას არ აწყობს, იმიტომ, რომ მთელი ევროკავშირი „ამოდებული“ ჰყავთ დიდი ხანია“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.