განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.

„ელჩს მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის საქართველოში მოწვევას და ერთობლივი სხდომის გამართვას ორმხრივი შეთანხმებების შესრულების ზედამხედველობის თვალსაზრისით. ასევე, ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლო ურთიერთობებში. ელჩი მიესალმა ამ ინიციატივას და პროცესის ხელშეწყობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.