სამართლიანი სიტუაციის შემთხვევაში არანაირი კრიტიკა არ იქნება, იმიტომ, რომ ეს არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, - ასე უპასუხა გადაცემა „ქრონიკაში“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ კითხვას, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება გაუმკლავდეს დასავლეთიდან წამოსულ პოსტსაარჩევნო კრიტიკას.

გივი მიქანაძემ ასევე უპასუხა კითხვას, ფიქრობენ თუ არა, რომ ამ უმაღლეს სტანდარტს აღიარებენ თუნდაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მისამართით ცეცხლი აქვთ გახსნილი.

„იმ ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც უკვე საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, ამის აღიარებას არც ველოდებით. ელემენტარულად, ახლა კონკრეტული ფაქტები ჩამოვაყალიბეთ, სადაც ვხედავთ, რომ ხდება დარღვევები და ამისი ასახვაც არ უნდათ, ამაზე რეაგირებაც არ უნდათ. ამიტომ, რაზე უნდა ვისაუბროთ, რომ მათი მხრიდან რამე იყოს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთ ორგანიზაციაზე, როგორიცაა „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც ყველას გახსოვს 2020 წელს პარალელური დათვლის საკითხთან, ხმების დათვლის თემასთან დაკავშირებით რა გააკეთა.

მთავარი აქ არის რა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საკანონმდებლო ბაზა, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ევროკავშირის ნაწილ ქვეყნებშიც კი არ არის, ასე ვთქვათ, ეს აპარატურა, რომლითაც აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ რაიმე სახის მანიპულაცია მოხდეს და რაც მთავარია, ოპონენტებს აღარ რჩებათ რაიმე განცხადებების გაკეთების საფუძველი.

წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კი ვხედავთ ვისი მხრიდან მოდის ეს დარღვევები. ამიტომ, ყველა შემთხვევაში, მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენ ვართ, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე მართალი. ამ პროცესებს ბოლომდე მივყვებით, რომ კანონის ფარგლებში ეს ყველაფერი განხორციელდეს და ამასთანავე, ჩვენ დეტალურად, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ სიმართლე იყოს ასახული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.