ჩვენი მოსაზრებით, ჩართულობა მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით, მაგრამ გასულმა წლებმა აშკარად დაგვანახა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის დღის წესრიგი არის არა კონსტრუქციულობა და საქმეზე ორიენტირი, არამედ პროცესის როგორმე დაზიანება და ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის არ დაშვება. ჩვენ არ გვაქვს განცდა, რომ ამ ადამიანებს უნდათ საქმის გაკეთება, მაგრამ კარი ღია გვაქვს და ჩვენ ვქმნით ფორმატებს, რომლებიც მაქსიმალური ინკლუზიურობის შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ოპოზიციის რადიკალური ფრთის ბოლოდროინდელი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აქცენტირებულები არიან იმ პოლიტიკაზე, რომ დოქს ყურს საიდანაც გინდა, იქიდან მიაბამენ. როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის პირობებში ჩვენ სამუშაო ჯგუფები შევქმენით, მათ საბოტაჟი გამოუცხადეს ევროპულ რეკომენდაციების და მონაწილეობა არ მიიღეს ამაში. ახლა, როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ, რა პროცესები უფრო მნიშვნელოვანია - გარკვეული პერიოდი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ევროკავშირთან შეგვეთანხმებინა სამოქმედო გეგმა - პირველივე დღიდან მივიღეთ გარკვეული შეტევა, თითქოსდა ჩვენ რეკომენდაციების შესრულებას არ ვაპირებთ. უფრო მეტიც, ისმება რიტორიკული კითხვა - სად არის სამუშაო ჯგუფები? ამ კითხვებს სვამენ ადამიანები, რომლებსაც თითი თითზე არ დაუდიათ ამ პროცესის საკეთილდღეოდ და, პირიქით, მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რა დესტრუქციას ეწეოდნენ ისინი. ჩვენ ამ პროცესს ვუდგებით იმ პასუხისმგებლობით, რომლითაც საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგს და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა პროცესები წარიმართება საპარლამენტო ფორმატში და ინკლუზიურობის კომპონენტი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტის სამუშაო არის საკომიტეტო განხილვები და მსჯელობა პლენარულ სხდომებზე, თუმცა ამ პროცესებში ჩართვა შეუძლია არა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციას, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც დასწრებით, ასევე საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენით. ამასთანავე, ჩვენ ვიხილავთ იმ შესაძლებლობას, რომ სანამ საკომიტეტო მოსმენებზე გადავალთ, შევქმნათ გარკვეული ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციის მოსმენა. ჩვენი მოსაზრებით, ჩართულობა მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით, მაგრამ გასულმა წლებმა აშკარად დაგვანახა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის დღის წესრიგი არის არა კონსტრუქციულობა და საქმეზე ორიენტირი, არამედ პროცესის როგორმე დაზიანება და ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის არ დაშვება. ჩვენ არ გვაქვს განცდა, რომ ამ ადამიანებს უნდათ საქმის გაკეთება, მაგრამ კარი ღია გვაქვს და ჩვენ ვქმნით ფორმატებს, რომლებიც მაქსიმალური ინკლუზიურობის შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.