საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვა და ახალი არჩევნების მოთხოვნა არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშმა დადებითად შეაფასა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კარგად ორგანიზებული და ადმინისტრირებული არჩევნები.

ამასთან, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ზედიზედ მეცხრედ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ისინი არ შედიან პარლამენტში, თუმცა 4-დან სამმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება ოქტომბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე.

„დღეს, ამ დარბაზში ჩვენ ვდგავართ ვითარების წინაშე, რომელიც არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებიც არსებითია ევროპის საბჭოსა და განსაკუთრებით PACE-სთვის. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვა და ახალი არჩევნების მოთხოვნა არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის.

ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას. ფაქტები არჩევნების შესახებ თავის სათქმელს ამბობს: ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშმა დადებითად შეაფასა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კარგად ორგანიზებული და ადმინისტრირებული არჩევნები; სხვაობა გამარჯვებულ „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციურ პარტიას შორის არის 43%; ოპოზიციას ჰყავდა 25 ათასი წევრი საუბნო კომისიებში, მათგან უმრავლესობამ ხელი მოაწერა არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს, მხოლოდ ცხრამ გამოთქვა განსხვავებული აზრი შემაჯამებელი ოქმების შესახებ. წინა არჩევნებთან შედარებით, ორჯერ ნაკლები საჩივარი იქნა შეტანილი. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა გამოიყენა ელექტრონული ხელსაწყო ხმის მისაცემად, ეს აპარატები აუდიტირებული იყო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Pro V&V-ის მიერ და დასკვნაში ხაზგასმული იყო, რომ ისინი მუშაობდნენ გამართულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს დასკვნა გამყარებული იყო გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებით. სასამართლოში დაკითხვისას, მოწმეთა უმრავლესობა ვერ წარმოადგენდა რაიმე მტკიცებულებას საარჩევნო თაღლითობის გამოძიებისთვის. მათი არგუმენტები ეფუძნებოდა მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას. ისინი აპელირებდნენ მედიაში გაშუქებულ ფაქტებზე, ხოლო ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას უთხრეს, რომ მათ მიერ საარჩევნო თაღლითობის კონკრეტული ფაქტების შესახებ გაკეთებული განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ზომებს და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას.

ოპოზიცია ზედიზედ მეცხრედ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ისინი არ შედიან პარლამენტში, თუმცა 4-დან სამმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება ოქტომბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე, რაც შეადგენს 120 ათას ევროს თვეში.

ჩემი გამოსვლის ბოლოს მინდა, მოვიყვანო საქართველოს სახალხო დამცველის სიტყვები, რომელმაც თქვა: „არ ვიცი, თუ იყო თუნდაც ათასი ადამიანი, ვინც მუდმივად ისაუბრებდა ამაზე, ან სამას ორმოცდაათი ათასი ადამიანი თუ იყო ხმის უფლების გარეშე დარჩენილი, და არ ვიცი, რამდენი თვე გავიდა არჩევნებიდან, ამ განცხადებების უკან უნდა იყოს რაიმე მტკიცებულება, ძირითადი მტკიცებულება, რომ საზოგადოება დარწმუნდეს. ყველაზე ნეიტრალური და სანდო, რაც ხელთ მაქვს, არის ეუთო/ოდირი და მისი შეფასებები. ყოველივე ეს ერთად არ მაძლევს საშუალებას, ბრმად დავიჯერო ვიღაცის განცხადება“.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან უსამართლო იქნებოდა, არ მოხდეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიკაცია ან თუნდაც რატიფიკაცია მიუღებელი პირობებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ევროპის საბჭოსთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შორის 2024 წლის დეკემბერში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

„უფლებამოსილების რატიფიკაციის გარდა, ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება ქართველი მოსახლეობის უმრავლესობის ნების იგნორირება და PACE-ის ძირითად ღირებულებებთან წინააღმდეგობაში. შესაბამისად, მოვუწოდებთ PACE-ის წევრებს, ხმა მისცენ მონიტორინგის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ და მხარი დაუჭირონ ჩვენს შესწორებებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.