ყავლგასულ პოლიტიკურ ძალას საბოლოო ჯამში საზოგადოებამ უნდა დაუსვას დიაგნოზი და უნდა გაუყენოს საიქიოს, როგორც კომუნისტური პარტია - ამის შესახებ „სტრატგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„არ მგონია, რომ პოლიტიკა არის ადგილი გინების, ცემის, ჩხუბის, ფიზიკური დაპირისპირების. იმდენი ფიზიკური დაპირისპირება, რაც ამ პარლამენტში ყოფილა, ჯამურად რომ ავიღოთ,  საქართველოს ყველა პარლამენტში ერთად აღებული არ იყო, დამოუკიდებლობის მერე. საზოგადოებამ თვითონ უნდა შეაფასოს, ყავლგასულ პოლიტიკურ ძალას საბოლოო ჯამში დიაგნოზი უნდა დაუსვას საზოგადოებამ და უნდა გაუყენოს საიქიოს, როგორც კომუნისტური პარტია.

ძალადობის წაქეზებით ჩემთვის ეს აჩვენებს მათ დეგრადაციის დონეს და სისუსტეს. ადამიანები ცოტა ჭკუიდან რომ  იშლებიან, მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეში რომ არიან, ერთმანეთს ტაშს უკრავენ და ჰგონიათ, რომ მაგრად იქცევიან. მაგალითად კობახიძეს ჰგონია, რომ ყოველდღე რომ აფრქვევს ამ სისულელეებს ძალიან მაგარია“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.